MY SITE

“გლობალური სამხრეთი” VS “ოქროს მილიარდი” - პუტინის ცრუ დიქოტომია
რუსეთის დუმის საპარლამენტო გაზეთის (Парламентская газета), 2023 წლის თებერვლის ნომერში ვკითხულობთ ლეონიდ პოლიაკოვის სტატიას სათაურით: “გლობალური სამხრეთი და რუსეთი: როგორ შევქმნათ ანტი-ნატო”. პოლიაკოვი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში საპრეზიდენტო საბჭოს წევრია. რუსეთში ამ მიმართულებებით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული საბჭოსთვის პრიორიტეტული პრეზიდენტის ინტერესების გატარებაა. სტატიის შესავალშივე საინტერესო დიქოტომიას ვეჩეხებით: “ჩვენ (რუსეთი) პრაქტიკულად პირისპირ დავრჩით უტიფარი დასავლეთის წინაშე. ისევე როგორც სხვა ნებისმიერი გლობალური სამხრეთის ქვეყანა. დასავლეთი არის “ოქროს მილიარდი”, რომელიც დომინირებს გლობალურ მარკეტზე, რითაც აქვს საშუალება ეკონომიკური სანქციების ომი აწარმოოს ყველასთან, ვინც მას არ დაემორჩილება.” რის შემდეგაც, მთელი სტატია ეთმობა, ნატოს საპირწონედ, სამხრეთ-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის საჭიროებას.
ამ სტატიის წაკითხვით რამდენიმე საკითხი ხდება ცხადი რუსულ დღის წესრიგთან მიმართებით:
ტერმინი "გლობალური სამხრეთი" ორი ძირითადი დატვირთვით შეიძლება გამოიყენებოდეს. პირველ რიგში ესაა ცივი ომის პერიოდის ტერმინი, რომელიც ე.წ. მიუმხრობელ ქვეყნებს მოიცავდა. მეორე, უფრო თანამედროვე პოსტ-ნაციონალისტური განმარტებით, ტერმინი შეიძლება მიემართებოდეს ქვეყნებსა და სივრცეებს, რომლებზეც კაპიტალისტურმა გლობალიზაციამ ნეგატიურად იმოქმედა. შესაბამისად, დღეს გლობალური სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაყოფა შეესაბამება ეკონომიკურად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნების შეპირისპირებას.

“გლობალური სამხრეთი” სავსებით რეალური კონცეფციაა, რომელსაც ქვეყნები ხშირად საკუთარ თავთან მიმართებითაც იყენებენ. მისი პოპულარობა “მესამე მსოფლიოს” ალტერნატივობიდან იწყება, დღეს კი ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტერმინადაა ქცეული. საგულისხმოა, რომ ქვეყნების ამ გაერთიანებაში მოიაზრება კოლონიური წარსულის მქონე სახელმწიფოები, რომლებისთვისაც დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობა შესაძლოა ტრავმული ხასიათის იყოს. რუსეთი დიდი ხანია ამ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. სწორედ ამ მიზეზით შეასრულა მან აქტიური როლი BRICS-ის ჩამოყალიბებაში. გაერთიანების სახელი, მისი წევრების, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, პირველი ასოებისგანაა შედგენილი.
ფართო გაგებით, BRICS-ი გლობალურ სამხრეთს აერთანებს.
იან ლესერი, GMF-ის ვიცე-დირექტორი

გლობალური სამხრეთისგან განსხვავებით, “ოქროს მილიარდი” შეთქმულების თეორიაა, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს. 1970-იანი წლებიდან აქტიურად მიმდინარეობდა აღნიშნული თეორიის გაძლიერება და გავრცელება. 2000 წელს პუტინის მიერ APEC-ის კონფერენციაზე საჯაროდ გაჟღერდა ეს კონცეფცია. მაშინ არავინ იცოდა მისი მნიშვნელობა. თუმცა დღეს, “ოქროს მილიარდი” პუტინის საყვარელ კონსპირაციადაა შერაცხილი. საინტერესოა, რომ გლობალური სამხრეთის კონცეფციისგან განსხვავებით, რომელიც ფაქტობრივად წმინდად სოციო-ეკონომიკურ დაყოფაზეა ორიენტირებული, ოქროს მილიარდს ახასიათებს ნეომალთუსიანური დაშვებებიც. მაგალითად, ბრალდებები იმის შესახებ, რომ “მილიარდს” სურს გააკონტროლოს მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა და საკუთარი თავისთვის აღმატებული პოზიცია შეინარჩუნოს. ამ მიმართულებას ეკუთვნის ნარატივები, სტერილიზაციების, ხელოვნურად შექმნილი ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ.

ზიკა ვირუსი
2016 წელს გავრცელდა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, ზიკა ვირუსი დასავლეთმა რუსების გასანადგურებლად შექმნა.

ებოლა
2014 წლიდან მოყოლებული, აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ებოლას ვირუსი ამერიკული ბიოლოგიური იარაღია.

ეთნოვირუსები
განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, აქტიურად გავრცელდა კონსპირაციები ეთნოვირუსების შესახებ, რომლებიც სპეციფიკურად "რუსულ გენს" ანადგურებენ.
საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირი, გლობალური სამხრეთის მიუმხრობელი სტატუსის მიუხედავად, მაინც ცდილობდა საკუთარი აქტიურ ზომებში მესამე სამყაროს ქვეყნები ჩაერთო, რათა საკუთარი დეზინფორმაციული ნარატივისთვის უფრო მეტი დამაჯერებლობა შეეძინა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ოპერაცია INFEKTION.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, გამოწვევა აღმოჩნდა დასავლეთისთვის გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან კომუნიკაციის კუთხითაც. რუსული დეზინფორმაციული ნარატივები ომისა და დენაციფიკაციის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა უკრაინის მხარდაჭერის ძალისხმევის დასაფანტად.
პირველ რიგში აღსანიშნია BRICS-ის ქვეყნების აქტიური თავშეკავება ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა იმ რეზოლუციებთან მიმართებით, რომლებიც რუსეთისთვის დამაზიანებელი იყო. მაგალითისთვის, 82-მა წევრმა მისცა ხმა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის წინააღმდეგ ან თავი შეიკავა. გარდა ამისა, სახელმწიფოები ღიად პოზიციონირებდნენ ომის სასწრაფოდ დამთავრების მოწოდებებით, რაც რეალურად უკრაინისთვის ტერიტორიების ჩამორთმევასა და კონფლიქტის გაყინვას გულისხმობს.

ომის დაწყების დღიდან, რუსეთი ცდილობს შექმნას განწყობა, რომ “გლობალური სამხრეთი” მხარს სწორედ მას უჭერს. როგორც რუსეთის ფედერაციის გაეროს მისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, გლობალურ სამხრეთს არ სურს, დასავლეთს დაეხმაროს რუსეთისა და ჩინეთის დაჩაგვრაში და მათ მსოფლიო წესრიგიდან გაძევებაში. რუსული საბჭოს ანალიტიკური სტატიაც აცხადებს, რომ გლობალური სამხრეთი სულ უფრო შორდება დასავლურ დღის წესრიგს და რუსეთი უფრო და უფრო ყალიბდება მსოფლიოს სულიერ ცენტრად. ბელგიური კვლევითი ორგანიზაციის, ბრიუგელის თანახმად, ფორმალურად გლობალური სამხრეთის წარმომადგენლების მიერ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიცემული ხმების ორი მესამედი პრო-უკრაინულია. უფრო მეტიც, დარჩენილი ერთი მესამედის უმრავლესობაც, ფაქტობრივად მთლიანად ნეიტრალურ პოზიციას იჭერს საკითხთან მიმართებით.

აქ რუსეთმა მარტივი გამოსავალი გამონახა: რუსეთის გვერდით დგას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამ მიმართულებით უნდა გვახსოვდეს ფაქტი, რომ BRICS-ში შედის ინდოეთი, ბრაზილია და ჩინეთი. რომლებიც თავიან თავში მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს აერთიანებს.

ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ისინიც, რომლებსაც არანაირი კოლონიური ისტორია არ გაა ჩნიათ, აქტიურად ეხმარება განვითარებადი სამყაროს ქვეყნებს აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში. შესაბამისად, რუსეთისთვის, ერთადერთი გზა მძიმე ისტორიული გამოცდილებით მანიპულირება და დეზინფორმაციული ნარატივების საფუძველზე დაბნეულობის შექმნაა.
გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
საქართველო, როგორც რუსეთის თვითაღქმული “უკანა ეზო” ყოველთვის მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიდა დეზინფორმაციული ნარატივების თვალსაზრისით. გლობალური სამხრეთი, მათი მხრიდან რუსეთის მხარდაჭერა და შესაბამისად საქართველოსთვის მოწოდება, რომ შეუერთდეს მას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აქტიური გახდა.
ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები და პლატფორმები, როგორებიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და “საქინფორმი” წერენ სტატიას, სადაც აღწერილია გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. განსაკუთრებით ტრენდულია BRICS-ის უპირატესობის განხილვა, სადაც სტაბილურად ვრცელდება მოსაზრებები, რომ ეს გაერთიანება აშშ დოლარს დასუსტებით ემუქრება, რომ BRICS-ი იქნება წამყვანი ძალა უკრაინის ომის შემდგომ მსოფლიო წესრიგში და ა.შ. “ოქროს მილიარდის” შეთქმულების თეორიის გამავრცელებელი, საქართველოში, პროპაგანდისტულ საშუალებებთან ერთად ინდივიდებიც არიან.
![]() | ![]() | ![]() |
---|---|---|
![]() | ![]() | ![]() |
საბედნიეროდ, უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლურთან. შესაბამისად, მოწოდებები ან მინიშნებები, რომ საქართველო გლობალური სამხრეთის ქვეყნების პოზიციას უნდა შეუერთდეს, მიზანს ვერ აღწევს. ოქროს მილიარდს რაც შეეხება, მისი განსხვავებული ვერსიები პანდემიის პერიოდში გახდა განსაკუთრებით აქტუალური და დღესაც, ომის ფონზე ხშირად იჩენს თავს, მათ შორის გლობალური ომის პარტიის ან მასონების სახით. თუმცა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ღიად გამოხატოს თავისი ევროპული იდენტობა, დამაჯერებლობას აკარგვინებს ზემოხსენებულ რუსულ ნარატივს.